jan-medi
ავერსი საქკაბელი

 თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია. მე ყოველთვის გვერდით ვუდგავარ ქართულ ფეხბურთს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და საქალაქო სამსახურების ჩართულობით, მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ნაკრების წევრებს დაფასება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას. მინდა, მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და წარმატება ევროპის ჩემპიონატში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ჩვენება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების პირველ მატჩამდე ხუთი დღე დარჩა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველ გულშემატკივრებს, რომ ვინც ვერ ახერხებს გერმანიაში თამაშებზე დასწრებას, მათთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება 18, 22 და 26 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. სტადიონზე დამონტაჟდება დიდი ეკრანები. მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

136