„ისრაელის სახლის“ მოწვევით საქართველოში სტუმრად მყოფმა ისრაელის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა იციკ შმულიმ „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელთან, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტთან, იციკ მოშესთან ერთად თბილისში, ვარკეთილში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გამწვანება რაიონის მაჟორიტარის, თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის ინიციატივით მიმდინარეობს. აქციას „ისრაელის სახლი“ და ბიზნესპალატა მეოთხედ შეუერთდნენ.
იციკ შმულიმ და იციკ მოშემ რაიონის მაჟორიტართან ერთად ელდარის ფიჭვები დარგეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო, მეგობრობა და ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ჩვენ, პოლიტიკოსებს ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები განვავითაროთ და ეს შეგვიძლია ყველა სფეროში, ყველა ასპექტში. საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ორივე მხარის ინტერესია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება ისრაელში. ეს არის ხალხების ურთიერთობა“, - განუცხადა „ბიზნესთაიმს“ იციკ შმულიმ.
მან "ბიზნესთაიმთან" საუბრისას დასძინა, რომ „ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებში დიდი პოტენციალია".
"უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლოს. ისრაელს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ბევრი გააკეთოს საქართველოსთვის. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და მე ვთქვი, რომ მოვიფიქრებთ, როგორ ვითანამშრომლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. თქვენ ხართ ჩვენს გულებში“.
ისრაელელმა მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, ამ დღეებში იერუსალიმში გამართულ, წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაციის შესახებაც. წიგნი „ისრაელის სახლის“ თაოსნობით გამოიცა და დიდ საბჭოთა ალიას, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს კავშირებსა და ისრაელის საინფორმაციო მხარდაჭერას ეხება.
„ვიყავი ამ წიგნის პრეზენტაციაზე მსოფლიო ებრაელობასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სადაც მე აღვნიშნე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელის ისტორიაში. ამ პრეზენტაციით ვუთხარით მომავალ თაობებს, რომ ადამიანს თუ უნდა, თუ აქვს ოცნება, თუ იმუშავებს, შეუძლია მიაღწიოს და შეცვალოს ისტორია. ამ წიგნში ასევე არის ძალიან დიდი ხაზგასმა საქართველოს მნიშვნელობაზე, მსოფლიო ებრაელობის და საქართველოს კავშირებზე,“ - განაცხადა იციკ შმულიმ.
იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლმა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა თბილისის გამწვანების აქციაში. სასურველია, ასეთ ღონისძიებებში ჩაერთონ მესამე სექტორი და ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, მათ შორის საელჩოებმა და წარმომადგენლობებმა. ამ აქციებით ისინი ხდებიან უფრო მეტად ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში. ეს კი ყველას, მათ შორის ჩამოსული სტუმრების ინტერესშიცაა.
რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ „ისრაელის სახლს“ მხარდაჭერისთვის და ისრაელელ მინისტრს გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა .
„ბატონი იციკი და მისი ორგანიზაცია აქტიურად გვეხმარებიან არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ თბილისს და საქართველოს, რაც მართლაც სამაგალითოა. შეიძლება ბევრი ქართველიც არ უდგას საქართველოს მხარში ისე, როგორც ბატონი იციკი და საერთოდ ებრაელი ხალხი და ისრაელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.