ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დიდი დროა და მისი პოზიცია პარტიის პოზიციასთან ერთად მოგვიანებით გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები შემოდგომაზეა, დაველოდოთ. ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრია გასაკეთებელი. როცა ამის დრო მოვა, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მოქმედი მერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და დარწმუნებულია, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება ამ გუნდს.
„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი და მე ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მაქვს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი. სამომავლო გეგმებზე საუბარი ადრეა. როცა იქნება ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ“, - განაცხადა კალაძემ.