დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის განვითარების ფონდი შეისწავლის აღნიშნული მონაკვეთის განვითარების კონცეფციას, რომელიც გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს მოიცავს.
„არაერთხელ გვისაუბრია კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გვინდა, სადაც ახლა მანქანები გადაადგილდებიან, აღნიშნული მონაკვეთი გვირაბის სახით, ქვემოთ ჩავიტანოთ, ზემოთ კი, სადაც საავტომობილო გზაა, მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ტერიტორიაზე არსებულ ხეებთან დაკავშირებით. ეს არის გზაგამყოფი ზოლი, სადაც უზარმაზარი ხეები დგას, რაც ძალიან ლამაზია. ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საჭიროებს დამატებით კვლევებს, რომ ეს ხეები შევინარჩუნოთ. თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შეისწავლის აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის რეკრეაციული ფუნქციით განვითარების კონცეფციას, რომელიც მოიცავს გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს. ასევე, მიმდინარეობს გარემოს შესწავლა შემოთავაზებული პროექტის მინიმალური ჩარევით განხორციელებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კვლევების შედეგად დადგინდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული იდეის განხორციელება.
„კვლევაში ჩართული არიან ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სპეციალისტები, დენდროლოგი, ინჟინერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მინდა, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. კვლევების შედეგად გაკეთდება სრული ანალიზი, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი არსებული ხეების შენარჩუნება და პროექტის ისე განხორციელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.