გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტროტუარზე კაბელ არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენების გადატანა მოხდება. ასევე, დაწყებულია გზის საექსკავაციო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ერთი შუქნიშანი განთავსდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ხოლო მეორე უშუალოდ გვირაბის გამოსასვლელის შემდეგ, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადების გადანაწილებასა და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზისხევთან დააკავშირებს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით, დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ორი თვის ვადაში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს“, - აცხადებენ მერიაში.