jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ვაჭრობა არ არის დაშვებული, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება არ მოხდება.
 
მან მაგალითად მოიყვანა ვარკეთილის მეტროსთან შექმნილი ვითარება, რაც სწორედ გარევაჭრობას ეხება. კახა კალაძე ამბობს, რომ იქ შექმნილი სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელი იყო.
 
„არ დავუშვებთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ვაჭრობა არ არის დაშვებული, მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. ასეთი შემთხვევა გვქონდა ვარკეთილში, მეტროს მიმდებარედ, სადაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელი იყო. ძალიან ბევრი წერილი, შეტყობინება მოდიოდა ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან, რომ ამ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო.
 
რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, გადავიყვანეთ ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის, ან არ ვხედავთ იმ გაჭირვებას, რომელიც ქვეყანაშია და ბევრ ადამიანს აწუხებს. კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ვითვალისწინებთ ყველაფერს, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება დაუშვებელია, რადგან ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნით სხვა ადამიანებს. არავინ გიშლით საქმიანობის გაწევას, არავინ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. ეს არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია. როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად, რომ ლუკმა-პური შეიტანონ ოჯახში? მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილები არიან“, - განაცხადა მერმა.
 
მისი აზრით, არ შეიძლება ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს ყველაფერი: ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები - ყველი, ხორცი.
 
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე მოწესრიგდება ტროტუარები, მოეწყობა გამწვანება და გაკეთდება დამცავი ჯებირები იმისთვის, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს.
822