
ტრამვაის ხაზი დიდ დიღომსა და მეტროსადგურ დიდუბეს დააკავშირებს. პროექტირებისა და მშენებლობისთვის კი მერია ტენდერის გამოცხადებას დღეს გეგმავს. - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით შესყიდვა. გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს და რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი. აშენდება ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის მიზანია დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დავაკავშიროთ”, - განაცხადა კალაძემ.
ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ ტრამვაის ახალი ხაზი ჯამში 7.6 კილომეტრს დაფარავს და სულ 11 გაჩერება ექნება. კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზი თბილისში საცობებს განტვირთავს.
„ტრამვაის 7.6 კმ-იან გაზზე იქნება 11 გაჩერება, შედეგად ტრამვაი დიდი დიღმის გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, - აცხადებს კალაძე.
პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
„ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება“, - წერია დოკუმენტებში.
ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კმ. იქნება, ტრამვაის შემადგენლობა - 10, ხოლო გაჩერებების რაოდენობა - 11. ამასთანავე, ირკვევა, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს.
„გაჩერებების რაოდენობა და ლოკაცია გაანგარიშებული უნდა იქნეს ოპტიმალურად შესაბამისი მგზავრთნაკადების კვლევის საფუძველზე. გაჩერებები უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრთა უსაფრთხო ჩასხდომა-გადმოსხდომას და გადაადგილებას თანამედროვე ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ხაზის მოწყობა უნდა განხორციელდეს ტრამვაის ტიპის ტექნოლოგიური თავისებურების და მოქმედი ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.