დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქ. N1-ში, (პეტრიძიდან ფარნავაზ მეფის გამზირზე გასასვლელი) 18-მეტრიანი ავტობუსების შეუფერხებლად და სწრაფად გადაადგილებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერება მოეწყობა. ტენდერი უკვე დასრულებულია, გამოვლენილია კონტრაქტორი კომპანია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებამდე, შედგა კომუნიკაცია კომპანიებთან: „მაგთი”, “სილქნეტი”, “პისიმაქსი”, “თბილისი ენერჯი”, “თელასი” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, რომლის შედეგადაც, თავდაპირველი პროექტის გადახედვა გახდა საჭირო. ტერიტორია მდებარეობს რეკრეაციულ ზონაში და კომუნიკაცია შედგა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთანაც.
"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კონტრაქტორ კომპანიას პროექტის დაექსპერტება დაევალა, რომელსაც თბილისის მერიაში შემოიტანს მიმდინარე წლის 28 ივნისს. იმ შემთხვევაში, თუ დაექსპერტებულ პროექტში ცვლილებების საჭიროება არ გამოიკვეთა, კომპანიას სამუშაოების დაწყება დაევალება დაუყოვნებლივ, რომელსაც შემჭიდროვებულ ვადებში, დაახლოებით, 25 დღეში დაასრულებს.
რაც შეეხება პეტრიწის ქუჩაზე არსებულ დანარჩენ სამ ლოკაციას, სადაც ტრანსპორტის გაჩერებებისთვის უსაფრთხოების კუნძულების კორექტირება ხდება, შესაბამისი სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. აღნიშნული ლოკაციებია: პეტრიწის ქ. N13-ში (რიკო კრედიტთან), პეტრიწის N8-ში (ლიბერთი ბანკის მიმდებარეედ) და პეტრიწის N4-ში (ჯვართან)." - განაცხადეს სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, სამუშაოებს კომპანია შპს "ტექნოლოჯი 1" შეასრულებს. სწორედ ამ კომპაანიამ აიღო პასუხისმგებლობა ტენდერზე (აუქციონის გარეშე) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ გზებზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოსაწყობი მცირე და ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობა-რეაბილიტაცია-რექონტსტრუქციის სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3, 335,525.75 ლარს შეადგენს.