თბილისში, 10 თებერვლიდან ისევ ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი იმისთვის, რომ ქალაქში დავიცვათ წესრიგი და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.
„დროებით ჩვენ შეჩერებული გვქონდა ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, პარალელურად 10 თებერვლიდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით ჯერ არ ვართ მოცული ზონალურ-საათობრივი პარკირებით, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, კონკრეტული უბნები: ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი და მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილი და ასევე, ვაკის რაიონი, სადაც ფუნქციონირებს და მუშაობს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კალაძემ.