მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერმა, 18 სექტემბერს, საღამოს ფეისბუქ ლაივში საუბრისას განაცხადა, ასფალტის ქვედა ფენების დაგება ღამით დასრულდება და 19 სექტემბრიდან სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.
„რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვილილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს.
უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.