დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების წარდგენა პირველი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, გამარჯვებული ნიმუშების ავტორი დასაჩუქრდება 10 000 ლარით.
„დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარმოდგენის შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge. იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.