თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ.
ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.
აღნიშნულ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო BUშINEშშ თIME დეტალების დასაზუსტებლად თბილისის მერიას დუკავშირდა.
"ეს საპილოტე პროგრამაა და დეტალები ცნობილი გახდება სექტემბრის დასაწყისში. მუშავდება პროგრამა, გაიწერება სრულად ყველა დეტალი. როგორ მოხდება შერჩევა, რომელი ობიექტები იქნებიან ჩართულები პროექტში, დასაწყისში რამდენი პენსიონერი ისარგებლებს, გაიზრდება თუ არა შემდეგ ეს რაოდენობა და ა.შ. ძალიან ბევრი დეტალია, რაზეც ამ დროისთვის არ მაქვს პასუხი, ვიდრე საბოლოოდ არ იქნება დასრულებული პროგრამაზე მუშაობა", – განაცხადა მანანა თოქმაჯიშვილმა საინფორმაციო სააგენტო Bუსინესს თიმე-თან საუბარში.