global distribution
გარე ავეჯი

 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.

„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.

ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

72