არ ვიცი, ვის თავში იხარშება, რომ კომპანიების შერჩევის დროს ჩვენ ვსხედვართ და ვფიქრობთ იმაზე, ვინ არის პარტიის შემომწირველი, ვინ არის კონკრეტული პირის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი, ეს აბსურდია. ეს არანაირ მსჯელობაში მონაწილეობას არ იღებს და არც არის ჩვენთვის ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ბენდელიანის განმარტებით, მერია ყველა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების წინ და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს იმ დოკუმენტებით, რომლებიც საჯაროა.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ დოკუმენტაციის სრული ანალიზის გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომპანიას (ჯეო გრუპს), რახან კომპანია ერთხელ გავაკრიტიკეთ, ან კომპანიამ ერთხელ კარგად შეასრულა ვალდებულება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ჩვენთან რაღაც ხელშეუხებლობის გარანტია ექნება. ხშირად გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არცერთ კომპანიას, ჩვენს არცერთ კონტრაქტორს არ ეპატიება საქმის მიმართ, პირველ რიგში, გულგრილი დამოკიდებულება. ეს გამოიხატება ვადის გადაცილებაში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში და ა.შ. ანუ, ის, რომ კომპანია ერთხელ ან ორჯერ მონაწილეობდა, არ ნიშნავს, რომ რაღაც იმუნიტეტი აქვს. არავის არაფერს ვაპატიებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთან, ბენდელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება.
„ამის შემდგომ, დარჩენილი იქნება წერეთლის გამზირზე ტროტუარის გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. შეიძლება, დარჩენილი იყოს რამდენიმე ავტობუსის მოსაცდელის მონტაჟი, კონლრეტული გარე განათების ბოძის დამონტაჟება, ასევე, მცირე სახის სამუშაოები იქნება. ძირითადი ნაწილი დასრულდება ახლა, იანვრის ბოლოს. დანარჩენზე შეიძლება, დამატებით საჭირო გახდეს დაახლოებით თვე-ნახევარი. კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. მარტის შუა რიცხვებში სრულად დავამთავრებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.