თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგ სხდომზე, დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება.
მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს.
„ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.