დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება.
„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება.
„შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსთაველის რეაბილიოტაცია სავარაუდოდ, 2 წელს გაგრძელდება. ამ საკითხზე სხდომის შემდგომ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა და განმარტა, რომ საპროექტო სამუშაოების ტენდერი იანვრიდან გამოცხადდება.
“პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა მოხდება, ტენდერებს, რომლებიც რამდენიმე ლოტად იქნება წარმოდგენილი, იანვრიდან გამოვაცხადებთ და რამდენიმე თვეში ამ პროცესს დავასრულებთ. შემდეგ ეტაპზე დაიწყება შენობა-ნაგებობების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია და გამაგრება და ბოლო ეტაპზე მოეწყობა საგზაო ნაწილი”, - განმარტავს ირაკლი ბენდელიანი.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.
რაც შეეხებათ ახალ შენობებსა და სასტუმროებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ახლახან აშენდა ან რეაბილიტირდა, ბენდელიანის განმარტებით, ექნებათ კომუნიკაცია მესაკუთრეებსა და მცხოვრებლებთან და უმეტესად კერძო სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.