თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩამოვა სრულად ჩაანაცვლებს ყვითელ ავტობუსებს, - ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ფაქტობრივად ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს, ველოდებით 100 ერთეული ავტობუსის შემოსვლას, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს. ეს არის BMC-ის მარკის 12 მეტრიანი ავტობუსები და ამით არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება და არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული ახალი ავტობუსები, 12 მეტრიანი, 10 მეტრიანი და 8 მეტრიანი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი მოქალაქეების კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება წარმოადგენს, რის გამოც მერია დამატებით 180 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.
„იმისთვის რომ დასახული მიზანი შევასრულოთ გვჭირდება დამატებითი ახალი ავტობუსების შესყიდვა. უახლოეს მომავალში 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადდება ფასთაკვლევა და შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს შესყიდვასთან დაკავშირებით, რათა ქალაქის ნებისმიერ უბანში ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.