საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადები, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.
„ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.
ფესტივალზე შეგეძლებათ, „მასტერშეფის“ ფინალისტის, კონდიტერ ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასს დაესწროთ. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდება.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს. მათ შორის, დამწყები სტარტაპერები და ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 13:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.