სალომე ზურაბიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის საკუთარი ხარჯებით გააგრძელებს ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში.
„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. ეს არის პირდაპირ, მისი მხრიდან საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას. ასევე მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც შემაშფოთებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას. როდესაც ის ასე აცხადებს პრიდაპირ, რომ გაგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.