საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„მინდა, მოვიწვიო ორი ადამიანი – ნანა მახარაძე, რომლის სურათი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე, ნანა მალაშხია, რომელიც გახდა ევროპული მომავლის საქართველოს სახე და გავიდა საზღვრებს გარეთ. ამით დავანახეთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.
მინდა, ვთქვა ისიც, რომ მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს, ასევე ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომლებიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.