საქართველოში ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა, ასევე გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია „კოვიდ-19“-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, პანდემიის პერიოდში შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები, განვითარდა ონლაინსერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა.
„პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა პანდემიამდელ პერიოდში ტუბერკულოზის პროგრამაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბებას და ეფექტური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას. მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოში პროგრამა უწყვეტად გაგრძელდა, რათა პაციენტებს ჰქონოდათ უწყვეტი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე. აშშ-ის მთავრობის, „გლობალური ფონდის“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზის“ მხარდაჭერით, საქართველომ დანერგა და გააფართოვა ინოვაციური გადაწყვეტილებები ტუბერკულოზის აღმოსაფხვრელად. ქვეყანამ სწრაფად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, გააუმჯობესა ტუბერკულოზის კვლევის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო მდგრადი დაფინანსება და დანერგა ძლიერი პროგრამა სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ინტერვენციების შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.