საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში პრეზენტაცია გაიმართება, რა დროსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ დეტალს გააცნობენ.
მისივე თქმით, თავადაც ადასტურებს პრემიერის ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება.
„სხვადასხვა დროს კომენტარებისას დეტალურად განვმარტე, რას ვაპირებთ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით. ასევე, ვფიქრობ, მომდევნო კვირას პრეზენტაცია გვექნება, სადაც დეტალურად ავხსნით, რას ვაპირებთ ქვეყნისთვის საუკეთესო ჯანდაცვის სისტემისა და ხარისხის მისაღწევად. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ასევე სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით შემიძლია, მეც დაგიდასტუროთ, ისევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი, თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ხელმოწერილ ბრძანებასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც, კლინიკაში რეორგანიზაცია 30 აპრილის ჩათვლითაა გაგრძელებული.
„ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს და კარგი იქნება, თუ ერთმანეთისგან გავარჩევთ ადმინისტრაციასა და სამედიცინო პერსონალს. რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლებას. წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული და ადამიანების მასობრივად სამსახურებიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არცერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ. უფრო დეტალურ ინფორმაციას მომდევნო კვირაში მოგაწვდით, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ და დასამალი არაფერი არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, ადგილზე საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია და თანამშრომლები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, შეუძლებელია, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ ყველა სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში იმავე პოზიციებზე, იმავე შემოსავლით. ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას თუ ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, მისთვის იმავე ანაზღაურების გადახდას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს სახით ქვეყანაში იქნება კლინიკა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
„შენობის ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი. 70-იანი წლების დასაწყისშია აშენებული. 50 წელზე მეტის შენობაა და შესაბამისი ექსპლუატაციის ვადებია. გადაკეთების მიმართულებით რომ წავსულიყავით, მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რაც მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლებოდა, ყოფილიყო. ფინანსური, ასევე ხარჯთეფექტურობის კუთხით ამ მიმართულებით წასვლა გამართლებული ვერ იქნება. შესაბამისად, დავტოვებთ შენობის შედარებით ახალ ნაწილს, სადაც ექიმების ნაწილი განთავსდება. ზუსტად შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება იმ სტანდარტებთან, რომელიც საქართველოში 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს. ყველანაირ აზრს მოკლებულია საუბარი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სხვაგან გადადის ან პერსონალს სახლში უშვებენ. კლინიკას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაო, კოვიდის პერიოდშიც ჩაუტარდა. შეუძლებელია, მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან დავაკმაყოფილოთ ხარისხი, ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები, რასაც თავად ვთხოვთ სხვა კლინიკებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.