ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ეი-დი-ეს ქონსთრაქშენთან“ უკვე გაფორმდა.
კომპლექსის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 651 764 ლარად გაწევს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა 6-მა პრეტენდენტმა მიიღო.
რაც შეეხება შპს „ეი-დი-ეს ქონსთრაქშენს“, კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2020 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით სუდაძეა.
ცნობისთვის, ზუგდიდის ახალი კომპლექსი გააერთიანებს მრავალფუნქციურ დარბაზს ტრანსფორმირებადი ტრიბუნით 1000 მაყურებელზე, სატრენაჟორო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს.
მრავალფუნქციურ კომპლექსში, პროექტის მიხედვით, განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის საჭირო დარბაზები, სავარჯიშო სივრცეები და სხვა დამხმარე ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და კომერციული სივრცე.
ასევე, კომპლექსის მიმდებარედ გათვალისწინებულია თანამედროვე ავტოსადგომი, უსაფრთხოებისა და განათების სისტემების მოწყობა.
სატენდერო დოკუმენტაციაში, პროექტის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტად 22 050 000 ლარია მითითებული.