უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს და ეხმაურება ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.
მისივე თქმით, რუსი პროპაგანდისტები დღეს გამოცოცხლდნენ და მათი არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას შეეცადნენ.
"დანაშაული, რომელიც მარიუპოლის, დონბასის, ხარკოვის და ასობით ქალაქის მიმართ ჩაიდინეს. დაგვადანაშაულეს, თითქოს ქიმიურ იარაღს ვააქტიურებდით და ვირუსულ შეტევებს ვაპირებდით. ამის ძალიან მეშინია, რადგან თუ გინდა, რომ გაიგო, რას აპირებს რუსეთი, მოისმინე, რაში ადანაშაულებს სხვას.
რუსულ მედიასაშუალებებში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიანიშნებს, რომ ისინი ამის გამკეთებლები არიან. რუსული ჯარისა და სპეცსამსახურების ქმედებები მიუთითებს, რომ ისინი ამაზე წამსვლელები არიან. მსგავსი დანაშაული მათ ბევრ სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიდინეს. ამ დროს კი თვითონ ჩიოდნენ, აანონსებდნენ და უწევდნენ ორგანიზებას ამ დანაშაულებს. ამას ისინი კიდევ გააგრძელებენ. ისინი უნდა გავაჩეროთ. ყველას ახსოვს, როგორ წაართვეს მოლდოვას დნესტრისპირეთი, როგორ მოგლიჯეს საქართველოს აფხაზეთი და უკრაინას დონბასი და ყირიმი.
თვითონ მოდიან ჩვენს მიწაზე, თვითონ იტაცებენ მიწას, აგზავნიან წვევამდელებს საომრად, რომ მათი შეტევის ძალა გაიზარდოს და ამ დროს საკუთარ ერს სირცხვილის გამო ემალებიან. ამ ყველაფერში კი ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ. გვადანაშაულებენ, რომ მშვიდობისმოყვარე რუსეთს თავს დავესხით, ახლა კი მითხარით რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ქიმიური იარაღის შექმნაში გვადანაშაულებს.
რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! ამიაკი? ფოსფორი? კიდევ რა მოგვიმზადეთ?! სად აპირებთ ქიმიური იარაღით დარტყმას, მარიუპოლის სახლებზე? ხარკოვის ეკლესიებზე? საბავშვო საავადმყოფოებზე თუ იმ ლაბორატორიებზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ?! ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ასევე, ორი შვილის მამა და არანაირი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არავინ ამზადებს, ეს ჩვენც ვიცით და თქვენც! და თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს სანქცირებულ პასუხს მიიღებთ!.." – განაცხადა ზელენსკიმ.