აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდებები პროკრემლისტურ პროპაგანდას უკავშირდება.
"ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს პროკრემლისტურ დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობისა და არეულობის გამოწვევისკენ. მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა კარგად იციან სინამდვილეში ვინ დგას ამის უკან და ვინ აფინანსებს ამას,"- ჟურნალისტის კითხვას უპასუხა აშშ-ის ელჩმა.
5 ივლისის ძალადობასთან და "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ყველასთვის მძიმე და შოკისმომგვრელი იყო.
"დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის მძიმე და შოკისმომგვრელი იყო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ტრაგიკული ამბავი; ჩვენი ლოცვა მიმართულია მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების და კოლეგებისადმი. ეს არის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების ნაწილი. ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღელებლი.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისუფალი გარემო იმისთვის, რათა მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჟურნალისტების საქმიანობისთვის. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. ახლა იმედი მაქვს, იქნება უფრო მეტი აღიარება იმის მიმართ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლებები და იმედი მაქვს, უზრუნველყოფილი იქნება უკეთესი გარემო იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური თავისუფლებები უსაფრთხო გარემოში," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.