ნატო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიის მიერ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ არასაფრენი ზონის შექმნა ვერ მოხერხდა, ეს საშუალებას აძლევს რუსულ ჯარს დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები.
„ჩვენ გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული მოსაზრებით, შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო რუსულ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეს ჩაუკეტავს და ამიტომ, არასაფრენი ზონის შექმნა ვერ მოხერხდა. ეს საშუალებას აძლევს რუსულ ჯარს დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები, ააფეთქოს საცხოვრებელი ბლოკები, საავადმყოფოები და სკოლები. 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა დღეს დილით კიევში და არის ათობით გარდაცვლილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, შეხვედრას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უმასპინძლა, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ და მათ ზელენსკიმ ონლაინ მიმართა.