საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ. სრულ აბსურდამდე დავიდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, როგორ ფიქრობს ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მისივე თქმით, აქციის მონაწილეების მიერ ბარიკადების მიღმა გადასვლას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანია „ენკა“ მათ მიწას საკუთარ საკუთრებად აღიქვამს.
„პოლიცია გვეღობება, თუმცა არ აქვთ პასუხი რატომ და ვერც ექნებათ. აბსოლუტურად ალოგიკური და უსამართლოა ეს მოქმედება რაც ხდება. როგორც ვიცით არიან დაკავებულებიც, ოღონდ რამდენი ადამიანია ზუსტად არ ვიცით. ჩვენ მუდამ გვექნება მცდელობა, რომ მშვიდობიანად შევიდეთ. ეს არის საავტომობილო გზა, რომელზეც გავლის უფლება გვაქვს ყველას, თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ არსად შესვლას არ ვცდილობთ, უბრალოდ ვცდილობთ გზაზე გავლას. „ენკას“ უახლოესი ობიექტი არის 20 კილომეტრში, ჩვენს შესვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, გვეუბნებიან, რომ ეს არის კერძო ტერიტორია. საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ ტერიტორიაზე და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ. სრულ აბსურდამდე დავიდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, როგორ ფიქრობს ხელისუფლება ამ პროცესის ასე გაგრძელებას და გატანას ბოლომდე. არავინ დანებებას არ აპირებს და უფრო მეტი ადამიანი დადგება თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ხელისუფლებამ იჯავროს იმ ყველაფერზე, რაც აქ ხდება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, სოფელ გუმათში სამართალდამცავებსა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ბარიკადის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.