როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიმა კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, რომ გაიგოს მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. ამის შესახებ დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის ქვეყანა დაწესებულ მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განმარტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.