ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგეობის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხება.
გავრცელებული ცნობით, 15 წლის მოზარდი, რომელიც წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა, სკვერში თამაშის დროს დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვაკის რაიონის გამგეობის განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.
„მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას“, - წერია ვაკის რაიონის განცხადებაში.
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
405
|