„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა ჰქონოდა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნებოდა დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.
პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ.
აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ ეხებოდა უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს. აქციაზე დაკავებული მოქალაქაეების გათავისუფლება იყო ასევე გუშინდელი პროტესტის ერთ- ერთი მოთხოვნაც.