“ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა”, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, სემეკ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ელი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიების რაოდენობა ეტაპობრივად შემცირდეს.
“ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა.
თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში”, - განაცხადა ნარმანიამ.