დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები.
ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ჰელსინკის აქტს, პარიზისა და ეუთო-ს სხვადასხვა შეთანხმებებს.
მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ პრობლემის დიალოგით გადაჭრისთვის, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგი, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები; ფართო და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი შვიდეულის ქვეყნები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.