უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა აჯამებს სხვადასხვა დანაკარგს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 26 თებერვალს განიცადა.
სარდლობის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ სულ მცირე 11 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, 3 SU-30 და 2 SU-25 ტიპის ავიაგამანადგურებელი დაკარგა.
განცხადების მიხედვით, უკრაინელებმა ასევე ჩამოაგდეს IL-76 ტიპის 2 მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.
გენშტაბის ცნობით, ერთი ასეთი თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა კიევის ოლქში, ქალაქ ვასილკოვთან, რუსული დესანტი გადაჰყავდა. მეორე IL-76, სააგენტო AP-ის მიხედვით, ასევე კიევის ოლქში, ქალაქ ბელაია-ცერკოვთან ჩამოაგდეს.
ამასთან, საჰაერო ძალების სარდლობაში ამბობენ, რომ უკრაინის საჰაერო ძალების Su-24M ტიპის ბომბდამშენმა 20 ერთეულისაგან შემდგარი სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურა.
“Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპლექსის ეკიპაჟმა ოპერატიულად იმუშავა, გაანადგურა მტრის მთელი სარკინიგზო ეშელონი, საწვავითა და საპოხი მასალებით”, — ამატებს სარდლობა.
მანამდე, 26 თებერვლის დილის საათებში, უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თქვეს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი, 200-მდე კი ტყვედ ჩავარდა.
მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.