უხვმა ნალექმა ოზურგეთში პრობლემები შექმნა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.
წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რამდენიმე ადგილზე ჩამოშლილია მიწის ფართობები. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.