საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქი მომწოდებლების მხრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე მოწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არსებობს და ამ კუთხით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა.
როგორც აზარაშვილი ამბობს, გასული წლის განმავლობაში თურქეთიდან მედიკამენტები აქტიურად შემოდიოდა და აპრილშიც წარმატებით გრძელდება.
„ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა. მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
„დეპარტინთან“ დაკავშირებით იყო კითხვები. შესაბამის აფთიაქებში ეს მედიკამენტი იძებნება. 3 000-ზე მეტი აფთიაქი გვაქვს ქვეყანაში და შეუძლებელია, ყველა აფთიაქში 10 000-მდე მედიკამენტი სხვადასხვა ფორმა-დოზით იყოს. აქედან გამომდინარე, მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით არც ქვეყანაში შემოდის და არც აფთიაქებშია. შესაბამისად, ზოგიერთ აფთიაქში ზოგიერთ მედიკამენტზე შესაძლოა ასეთი პრობლემა იყოს, თუმცა ქსელებში როცა გადავამოწმეთ, პრობლემა არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.