"საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, პრეზიდენტს, ეკლესიას, არასამთავრობოებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირონ. ამ თემაზე მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, შანსს, რაც დღეს არსებობს, ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ელოდება და "ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის ეპატიება".
"ყველას, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ვერავინ ვერავის ვერ დააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებისაა.
დღეს ყველაზე მეტად თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავდგეთ ერთად, ერთად უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნისკენ. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე უფრო გვაკლია და რაც ყვეალზე უფრო აზიანებს ჩვენ ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია". [...] როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მივმართავ საქართველოს პრეზიენტს, მთავრობას, პარლამენტს, პოლიტკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას გავერთიანდეთ.
დღეს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ოპოზიცია თუ ხელისუფლება ვისაც მართლა, გულწრფელად უნდა, საქართველომ მიიღოს ეს კანდიდატის სტატუსი, იმის მაგივრად, რომ თავს ესხმოდეს თავის ოპონენტებს ან ერთმანეთს, იყოს მხოლოდ ბრალდებებით დაკავებული, უბრალოდ , თუ ერთად დგომა არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ, არ ლანძღონ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდნენ ამ უსაფუძვლო ბრლადებებით.
უახლოესი 4 კვირის განმავლობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს და ქართული პოლიტიკური ელიტების, ქართველი ხალხის ერთიანობის შესაძლებლობას", - თქვა ყოფილმა პრემიერმა.