უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს და დასავლელ ლიდერებს მიმართა.
უკრაინის ლიდერმა იმ საბრძოლო მოქმედებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ამ დროისთვის მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ დროისთვის ხერსონი ოლქშია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ არმიას. ტყვედ არიან აყვანილი რუსი ჯარისკაცები და განადგურებულია ავიაციაც.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ თუ მათ სისხლისღვრა არ სურთ ეს ხმამაღლა დააფიქსირონ:
"გამოდით მოედანზე და მოითხოვეთ ომის დასრულება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ისტორიაში უძლიერესი სანქციები. მან მსოფლიოს ქვეყნებს კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ დღეს უკრაინას არ დაეხმარებიან, ხვალ ომი მათ კარზე დააკაკუნებს.
"ლიდერებო თუ დღეს ჩვენ არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენ კარზე დააკაკუნებს," - განაცხადა მან
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მოხალისეებს და ექიმებს. ასევე მისი თქმით, უკრაინისთვის ამ რთულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია საბრძოლო გამოცდილების მქონე ნებისმიერი მოქალაქე. ჟურნალისტებს კი მოუწოდა რომ შეასრულონ მოვალეობა, რაც დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას გულისხმობს.