ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.
„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.
ამასთანავე, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კოვიდპასპორტი იქნება აგებული იმ პრინციპებზე, რა პრინციპებიც არის ამ მიმართულებით ევროკავშირში და მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება.
„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, ისინი მუშაობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ასევე, ესტონეთთან ერთად და იქნება ეს პასპორტი იმ პრინციპებზე აგებული, რა პრინციპებზეც იგება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი. თითქმის ბოლომდეა მისული ეს სამუშაო, თანხმდება ახლა სამინისტროსთან საკითხები. ვფიქრობ, რომ სადღაც მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რამეთუ ჩვენ დღეს უკვე გვყავს 2887 ორჯერადად ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება მოგვთხოვოს პასპორტი. დღეს ჩვენ ეს შეგვიძლია გავცეთ იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან ამობეჭდვის საშუალებით,“- განაცხადა გამყრელიძემ.