პარტია „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, პატრონის მიერ კომპანიონი ცხოველის მიტოვება შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლს ემატება მე-4 და მე-5 ნაწილები, რომლის მიხედვითაც, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, დოკუმენტის მიხედვით, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით,მეპატრონე იურიდიული პირიან/და ინდივიდუალური მეწარმე კი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მიუსაფარი, უსახლკარო ცხოველების საკითხი ის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და მაღალ ინტერესი მიმართულია აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ:
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა თუ რა რაოდენობის მიუსაფარი ცხოველი, კერძოდ კი მიუსაფარი ძაღლი და კატა ცხოვრობს ქვეყანაში. მათი რიცხვი იზრდება ყოველდღიურად, ვინაიდან არ არსებობს რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება სისტემურად აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ და შეამცირებს მიუსაფარი, ქუჩის ცხოველების (ძაღლები და კატები) პოპულაციის ზრდას,“ — აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.