ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს.
„სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს, შესაბამისად წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. მაგალითად პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
„ჩვენ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა.
აქვე, არ შეიძლება ვახსენოთ ცალკეული მედიკამენტების დეფიციტი, რომლებიც იქმნება ბაზარზე და კორელაციაშია რა თქმა უნდა კონკურენციის ავკარგიანობასა და ხარისხთან საქართველოში. ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას, თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება იმ მედიკამენტებს რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.