წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი ჯამში 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1 000%, 2 000% და 3 000%-ით ძვირად ყიდდნენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ- ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.
„წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.