"ცალსახად ჩანს, რომ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ მოთხოვნა არის, თუმცა „ასტრაზენეკა“ მესამე ადგილზეა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციისთვის პირველადი რეგისტრაციის პორტალზე მოქალაქეების აქტიურობა იძლევა საშუალებას, რომ მომდევნო ნაბიჯები სწორად დაიგეგმოს.
„პორტალმა ცალსახად აჩვენა, რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა ამავე დროს ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილას არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რაც ცალსახად მიუთითებს ჩვენს სწორ გადაწყვეტილებაზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი დოზები, ეს იქნება "ასტრაზენეკას" 50 თასამდე დოზა, შემდეგი დოზა შემოვა მაისში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, „ფაიზერთან“ მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე, თუმცა შემოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.
„ინტენსიურად ვმუშაობთ „ფაიზერთან“ და მიღწეულია შეთანხმება 1 მლნ დოზაზე; ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, როცა „ფაიზერი“ მოგვაწვდის შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან ეს მოლაპარაკებები პროცესშია“, - განმარტა ტიკარაძემ.