სახალხო დამცველი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავა წახალისებული ძალადობის მსხვერპლია.
ნინო ლომჯარია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი. ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას", - წერს ნინო ლომჯარია.
TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.