ტყიბულის შახტში 30 იანვრის 23:00 საათის შემდეგ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ამ დროისთვის 8 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაცია BM.GE-ის შახტების მმართველი კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენელმა გვანცა დელიბაშვილმა მიაწოდა.
„ამ მომენტისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი და მათ უმეტესობას ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. სამწუხაროდ, გვყავს ერთი გარდაცვლილი“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - წინასწარი მოკვლევით, რა შეიძლებოდა აფეთქების მიზეზი გამხდარიყო, „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.
„ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ აუცილებლად დავადგენთ, რა გახდა აფეთქების მიზეზი. გავრცელებული ინფორმაცია რომ შახტი გამართული არ იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შახტებში უსაფრთხოების სისტემა საათივით არის აწყობილი. განსაკუთრებული ყურადღებით ვიკვლევთ ყველაფერს“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: BMG