ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესში დაბალი აქტივობის გამო პრობლემას აღიარებს და პარლამენტის ტრიბუნიდან კოლეგებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ, განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„სადაც შემიძლია გამოვხატო ჩემი გულისწყვეტა და ვთქვა, რომ ეს არის პრობლემა და შეიძლება ისიც ვაღიარო, რომ არც კი ვიცი, ეს პრობლემა როგორ გადავჭრათ, ესაა ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დაბალ აქტივობაზე , მედპერსონალის მხრიდან არგუმენტი არის ის, რომ ძალიან ბევრმა გადაიტანა კოვიდი და 120 დღე არ გასულა, ამიტომ არ აქტიურობენ;
“ეს არგუმენტი მისაღებია, მაგრამ გვყავს მედპერსონალი, რომელიც არ იყო ინფიცირებული, მაგრამ ვაქცინაციის პროცესში პასიურია. ამ კუთხით მუშაობა მნიშვნელოვანია;
ვეძებთ სხვადასხვა გზას და ხერხს - ესაა მათთან ინტენსიური შეხვედრები და საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და დიდი იმედი მაქვს, ეს შეხვედრები შედეგს გამოიღებს, რადგან ყველა ვიაზრებთ, რომ თუ ვაქცინაციის პროცესის მიმართ პერსონალის სანდოობა არ გაიზარდა, რთული იქნება მინისტრის ან სხვა საჯარო მოხელის მიერ მოსახლეობის დარწმუნება, რომ ვაქცინაცია არის საჭირო. ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ“, - განაცხადა მინისტრმა.